ბოლო ერთ თვეში ოკუპანტებმა შიდა ქართლის სოფლებში 3 ახალი საგუშაგო მოაწყვეს და საბჭოთა კავშირის დროშა გამოკიდეს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა სამი ახალი საგუშაგო მოაწყვეს, - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა.

ახალი საგუშაგოები გამოჩნდა სოფლებში, ჩორჩანაში, ქვემო იკორთაში და ორჭოსანაში. ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის "დროშასთან" ერთად, საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართეს.

დღეს კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, სადაც ისინი ე.წ გაწმენდით სამუშაოებს ატარებდნენ. შეიარაღებულები ადგილზე ჩეხავდნენ ხეებსა და ბუჩქნარს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, ოკუპანტები საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ახალ სათვალთვალო კოშკურას განათავსებენ.

"რუსი ოკუპანტები დღეს კვლავ გამოჩნდნენ საკორინთლოში. ისინი კვლავ აწარმოებდნენ გაწმენდით სამუშაოებს. ჯერ-ჯერობით მათი საბოლოო მიზანი დადგენილი არ არის, თუმცა ჩვენი ვარაუდით ეს ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ოკუპანტებმა აქ სათვალთვალო კოშკურა დადგან ან რაიმე სხვა ტიპის ნაგებობა. ასე, რომ რუსული ოკუპაცია არ ჩერდება," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

"მთავარი არხი" კასპის მერიის წარმომადგენელს, სტეფანე მესროფაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც უარყო აღნიშნული ფაქტი და თქვა, რომ საოკუპაციო ძალები საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ მუშაობდნენ.

"იქ არავინ არ მუშაობდა და თუ გაინტერესებს, საკორინთლოს გზა ყველა ჟურნალისტმა იცის, აბრძანდით და თქვენ თვითონ გადაიღეთ," - უპასუხა მერიის წარმომადგენელმა "მთავარი არხის" შეკითხვას ოკუპანტების აქტივობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოკუპანტების გააქტიურებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი