"ჩვენ იქ ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას" - აშშ-ს სენატში საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ და ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში - აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა საქართველოზე ისაუბრეს და პირდაპირ თქვეს, რომ რეფორმების პროცესი ჩავარდნილია, დემოკრატია გაუარესებულია, ადგილი აქვს მედია ტერორს, ოპოზიციის დევნას და სახეზეა არადემოკრატიული რეჟიმის ნიშნები. 

ცალკეული სენატორები პირდაპირ სვამენ შეკითხვას, ღირს თუ არა საქართველოსთვის დახმარების გაგრძელება, მაშინ როცა შტატების ფინანსურ თუ ადამიანურ ძალისხმევას შედეგი არ აქვს. თუმცა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით თქვა, რომ ამერიკის დახმარება განსაკუთრებით საჭირო სწორედ დემოკრატიისთვის რთულ პერიოდშია საჭირო და საქართველო არ უნდა მიატოვონ.

"-  ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ცდილობს, პოზიტიური როლი ითამაშოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ თავად საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ. ჩვენ ამ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ, რათა იქ რეფორმები განხორციელდეს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს დახმარება უნდა მივაბათ იმას, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მართალია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ეს არ არის კარგი იდეა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში. 

ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ახლა მათ ზურგი აქციეს ამ ვალდებულებას. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ გზებზე, თუ როგორ დავაკისროთ მათ პასუხისმგებლობა ამისთვის, რათა მათ გაიგონ, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მე გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი ეს არ არის, რომ ეს მათი მთავრობის ბრალია, მაგრამ რაღაც მომენტში ხალხმა მეტი პასუხი უნდა მოსთხოვოს თავის მთავრობას." ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი

შეკითხვა დასვა სენატორმა ბენ კარდინმაც:

"მე მაქვს შეკითხვა საქართველოზე. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამას ვაღიარებ, მაგრამ ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიული უკუსვლა. იმ დონემდე, რომ ევროკავშირმა გამოარჩია უკრაინა და მოლდოვა საქართველოსგან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბრიუსელშიც ხედავენ ამ უკუსვლას. ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ელჩის კრიტიკა, ასევე არშესრულებული მართლმსაჯულების რეფორმა. თქვენი აზრით, როგორია ჩვენი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით, რათა ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს და როგორ უნდა მივაღწიოთ პროგრესს?"

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა სენატორის ამ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ აშშ საქართველოსთან პარტნიორობას ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა:

"როგორც იცით, აშშ ახლო პარტნიორობას ინარჩუნებს საქართველოსთან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ ქვეყანაში, ევროატლანტიკური კავშირების გამყარების მიმართულებით.

ბოლო დროს მომხდარი ძალიან შემაშფოთებელია ჩვენთვის. ჩვენ იქ ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას. მე საქართველოში ვიყავი იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მოლდოვას და უკრაინას კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მე იმ დროს სამოქალაქო საზოგადოებას ვხვდებოდი და ბევრ მათგანს აცრემლიანებული თვალები ჰქონდა, იმიტომ რომ საქართველო ადრე ლიდერი იყო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ახლა კი ასეთი უკუსვლაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველების 85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ზეწოლას ახდენს საქართველოს მთავრობაზე, რომ მათ შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირმა გასცა. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ მზად ვართ ყველაფერში დავეხმაროთ, რათა ეს რეფორმები განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესი ამ მიმართულებით საერთოდ არ არის. ".ამბობს დონფრიდი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი