
როგორ უნდა შესრულდეს „დე-ოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია და სწორია თუ არა ის გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია - არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული დოკუმენტი არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს:
"საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონი, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი, სამართლებრივად ბუნდოვანია და შესაძლოა, არაკონსტიტუციური შინაარსიც ჰქონდეს. ამასთან, კანონი ხელს უწყობს პოლიტიკური ხელისუფლების ხელში გადამეტებული ძალაუფლების თავმოყრას.
შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება, როგორც კონტექსტუალური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად.
ამასთან, ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს იმ პირობებში, რომ ოლიგარქია, საკუთარი არსით, არაფორმალური ინსტიტუტია, რომლის წარმომადგენელთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი." ნათქვამია ორგანიზაციის მომზადებულ ანგარიშში.
პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ, 16 ნოემბერს მიიღო