ივანიშვილი უკანონო მშენებლობის საქმიდან საკუთარ კვალს შლის და ფიქტიურად სხვაზე აფორმებს - "მთავარმა" დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

„მთავარი არხის“ რეპორტაჟის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა უკანონო მშენებლობის საქმიდან, მისი კვალის წაშლა სცადა. ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივი სქემიდან საკუთარი კვალის გაქრობა 2 დღის წინ, ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა „მთავარი არხი“ მისი უკანონო მშენებლობით დაინტერესდა.

პირველი, რაც ოლიგარქმა გააკეთა, კომპანიის მესაკუთრის გრაფაში, „ქართუს“ ნაცვლად ვინმე გიორგი ჭყონია ჩაწერა. კომპანია, რომელიც ქალაქის ისტორიულ შუაგულში, ორბელიანის მოედანზე უკანონო მშენებლობას ეწეოდა სხვა პირზე გადააფორმა.

სიჩქარეში შეცდომა დაუშვეს და დირექტორი არ შეცვალეს, მეორედ დღეს ივანიშვილის წარმომადგენელები რეესტრში ისევ მივიდნენ და დირექტორად 25 წლის თამთა ქენქაძე გააფორმეს. გარიგება, რომ ფიქტიურია „მთავარმა არხმა“ მალევე დაადგინა. დირექტორის თამთა ქენქაძის მამა ამბობს, რომ მის შვილს არასდროს არსად არ უმუშავია და არც ახლა იცის რომ სადმე დასაქმდა.

გიორგი ჭყონია, რომელიც „მთავარი არხის“ მიერ გამოაშკარავებული კომპანიის მფლობელი გახდა, აქამდე ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებით იყო დაკავებული. ამ მომსახურების სანაცვლოდ,  ჭყონიას მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმის გვირაბის შესასვლელთან, ზღვის ზოლში, მიწის სოლიდური ნაკვეთი გადასცა.

ჭყონიას კომპანია აჭარაში ბევრი სხვა პრივილეგიითაც სარგებლობს. მაგალითად, მისმა კუთვნილმა შპს „გზამ“ ბათუმი ჩაქვის გვირაბთან არსებული გზის მონაკვეთის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 5 მილიონი მიიღო. ამ გზის გაკეთების აუცილებლობა კი მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეები იყო გადასაზიდი.

ჭყონიას კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით დასტურდება. გიორგი ჭყონია კომპანია „კრიპტო ჰოუმში“ ალა კახნიაურის პარტნიორია, ალა კახნიაური კი „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ოფიციალური დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა.

გიორგი ჭყონიასა და თამთა ქენქაძის გვარების გამოჩენა ოპოზიციის თქმით, დანაშაულებრივ სქემაში არაფერს ცვლის. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გადაფორმება ფიქტიურია და დანაშაული ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ უკვე ჩაიდინეს. საკრებულოს დეპუტატი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის წინააღმდეგაც ითხოვს.

ოპოზიციას მოლოდინი არ აქვს, რომ შოთაძის პროკურატურა გამოიძიებს საქმეს, რომელშიც ქვეყნის არაფორმალური მმართველი და დედაქალაქის მერი ფიგურირებენ. თუმცა ლევან ხაბეიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის უკანონო მშენებლობისა და თბილისის ისტორიული ნაწილის მითვისების საქმეზე ობიექტური გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც დაიწყება და გისოსებს მიღმა „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი