
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქის უძველესი ხიდის დემონტაჟი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, ხიდი ქართველი მშენებლების აშენებულია და იგი ქალაქ ცხინვალში არსებული ორი ხიდიდან უძველესია.
უჩა ნანუაშვილი წერს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს.
"ეს ხიდი ცხინვალში არსებული ორი ხიდიდან უძველესია და მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ძველი ქალაქის ნაწილად იქცა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც განიხილავენ. ცხინვალში არაერთი ადამიანი ითხოვდა ამ ხიდის დანგრევის შეჩერებას და ახალი, თანამედროვე ხიდის მშენებლობას ნაცვლად ძველის რეაბილიტაციას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა ამ საკითხზე არც კი გამოხატეს საკუთარი პოზიცია და არც ეცადნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლის და მათი შენარჩუნების მიზნით. შეგახსენებთ, რომ ხიდი ქართველი მშენებლების აშენებულია. ძველი ხიდი ოსი და ქართველი ხალხის მემკვიდრეობაა," - წერს უჩა ნანუაშვილი ფეისბუქზე.
ხიდის დანგრევა ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ე.წ პრემიერმინისტრმა სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს რესტავრაციას ჩაუტარებდნენ თუ დაანგრევდნენ ისტორიულ ნაგებობას.
ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ცხინვალის ცენტრში 3 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ამბობდნენ, რომ ხიდი ქალაქის ისტორიული სიმბოლო იყო. იგივე შინაარსის საპროტესტო აქცია გაიმართა 6 ოქტომბერსაც.