
"თქვენ ხართ დამნაშავე, იმაში რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის სტატუსი", - ასე მიმართა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ ღარიბაშვილს პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციაზე.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის არჩევანი არის ოლიგარქიული რეჟიმი და არა ძლიერი საქართველო.
"ბატონო ირაკლი, თქვენთან მაქვს შეკითხვა, რატომ არ არის დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა? რა მოხდა, რომ მოლდოვამ, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ, საქართველომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება, რის გამოც აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას. კონკრეტული ნაბიჯები, თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, განცხადებები, რომლებსაც თქვენ პირადად აკეთებდით, თითქოს ევროკავშირის სტატუსი არაფერია, მოსმენების კანონი, რომელზეც მთელი ევროპა გთხოვდათ, არ მიგეღოთ, თქვენ მიიღეთ ეს კანონი და დაამტკიცეთ; ნიკა გვარამია, რომლის დაკავება ჯერ აბსურდული ბრალდებით მოხდა, მაგრამ თქვენი ბოლო ვიზიტის დღეს მიზანმიმართულად რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია, მაინცდამაინც იმ დღეს. იყო თუ არა ეს გზავნილი, რომ საქართველოს არ უნდოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რატომ ესხმოდით თავს ყველანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ირაკლი კობახიძე რატომ უწოდებდა ევროპარლამენტარებს ანტიევროკავშირს, რატომ ესხმოდა თქვენი პარტიის თავმჯდომარე, თქვენი ხელმძღვანელი მათ დღენიადაგ. რატომ აცხადებდით საქართველოს მტრებად ადამიანებს...
თქვენ სამწუხაროდ არ ირჩევთ ევროპისკენ გზას და არ ირჩევთ ძლიერი საქართველოსკენ გზას. თქვენი გზა არის რუსეთისკენ, რადგან თქვენ გინდათ ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც ელიტა მდიდარია, ხალხი ღარიბია. სადაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან და მათ ადგილს იკავებენ რუსეთის მოქალაქეები. ამ არჩევანს თქვენ ვერცერთ შემთხვევაში გააფორმებთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთად, აუცილებლად გაგცემთ პასუხს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოს ყველაფრისთვის რაც აქამდე გააკეთა, ან ბოლომდე გააგრძელოს მოღალატეობრივი ქმედება.
"დღეს გაქვთ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოთ, რაც აქამდე გააკეთებ იმაზე, ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება“ - თქვა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ აქცენტი "ქართული ოცნების" ლიდერების კომენტარებზეც გააკეთა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ მისცეს, რომ იგი ომში არ ჩაერთო.
"ერთი ციტატა მინდა მოვიყვანო: "კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში" - მე მინდა მართლა გთხოვოთ, რომ ხელი აწიოთ, ვინ ეთანხმებით ამ განცხადებას. ბატონო ირაკლი თქვენ ეთანხმებით ამ განცხადებას, ან ვინმემ გითხართ, რომ ომში თუ არ ჩაერთვებით არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო?!," - ჰკითხა საქართველოს პრემიერს გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ის "სტრატეგია აღმაშენებელმა" დაიბარა.