სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონებში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. მიმდინარე პროცესების გამო ოფიციალური ერევანი დაპირისპირების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციას აანონსებს. გვიან ღამით გამართულ საგანგებო სხდომაზე მთავრობამ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტები და შეიარაღებული ძალების საპასუხო ქმედებები განიხილა.
ოფიციალური ერევნის განცხადებით, ისინი მზად არიან მოწინააღმდეგის ნებისმიერ ნაბიჯს შესაბამისი ქმედებით უპასუხონ და საკუთარი ინტერესები დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.