
"დღეს მედია არის ბევრად თავისუფალი, ვიდრე ყოფილა როდესმე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობს. ის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს მიმართავს და პოლიტიკურ მეხსიერებას უწუნებს, რადგან, მისი თქმით, მას არ ახსოვს, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში მედიის თავისუფლების მიმართულებით.
თალაკვაძე ირიბად საუბრობს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც და მას "მედიის დარბევაშო" ადანაშაულებს.
...დემოკრატიას კიდევ რა სჭირდება, ინფორმირებული მოქალაქეები. როგორი იყო თქვენი [მიმართავს ოპოზიციას] დემოკრატია - 4 ტელევიზია მაუწყებლობდა, ოთხივეს ლიცენზიებს აკონტროლებდა მთავრობის ერთი კონკრეტული ადამიანი, სარედაქციო პოლიტიკასაც ის აკონტროლებდა. როდესაც გაბედა რომელიღაც ტელევიზიამ, რომ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონოდა, შევიდნენ, რეიდი ჩაატარეს, ჟურნალისტები დააპატიმრეს და ჟურნალისტებს მერე მიაყოლეს ანტენებიც, იმიტომ რომ ანტენებიც აღმოჩნდა, რომ მაშინ, თურმე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ეს ყველაფერი საჯარო ეთერით განმარტა და ხალხს აუხსნა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა და უთხრა, რომ დემოკრატიას სჭირდება, რომ ეს ტელევიზიები გათიშული იყოს და ეს ჟურნალისტები იყვნენ ციხეშიო. სწორიაო, კონსტიტუციურიაო რაც გაკეთდაო, როდესაც ხეს ვჭრითო, ნაფოტები ხომ უნდა ცვიოდესო, ეს იყო მაშინ მისი განმარტება.
დღეს თქვენ, უსირცხვილოდ, და მაგიტო გითხარით თქვენ, ბატონო მანჯგალაძე [პაატა მანჯგალაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"], რომ 1 გიგაბაიტი პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ, არც კი გახსოვთ, გუშინ რა ხდებოდა, როდესაც მედიამენეჯერს და თავისუფალი მედიის ფლაგმანს ეძახით ადამიანს, რომელიც არბევდა მედიას. არც კი გახსოვთ, რომ შემდეგ, როდესაც ის ოპოზიციაში იყო და "რუსთავი 2"-ის დირექტორი გახლდათ, ბრიფინგი ჩაატარა პირდაპირ და ჟურნალისტებს მინდა შევახსენო, ბრიფინგი ჩაატარა და პირდაპირ თქვა პირდაპირ ეთერში, რომ დიახო, მე ჟურნალისტებს ვიყენებდი პოლიტიკური მიზნებისთვისო, თქვენი განცხადებები მე არ მახსოვს მაშინ, რომ შეგესწორებინოთ მისთვის, რომ ჟურნალისტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არ არის თავისუფალი მედია.
ჩვენ დროს კი რა ხდება - 20 მედიასაშუალებაა, ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი, 120-ზე მეტი რეგიონული მედიაა, ის ლიცენზიების სისტემა რაც თქვენ გქონდათ, გველეშაპივით რომ იყავით ზედ ჩაბღაუჭებული, გაუქმებულია და დღეს ნახეთ განსხვავებული აზრი, ნახეთ თუნდაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკა. რა თავისუფალ მედიაზე და რომელ მედიამენეჯერებზე საუბრობთ საერთოდ. დღეს მედია არის ბევრად თავისუფალი, ვიდრე ყოფილა როდესმე და მითუმეტეს, თქვენი დემოკრატიის პირობებში, - ამბობს თალაკვაძე.