ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული არაფორმალური შეხვედრის დეტალები „მთავარისთვის“ ხდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. „მთავარს“ წყარო უყვება, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ასეთ არაფორმალურ ვითარებაში გადაიტანა.

„ოცნებიდან“ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძე, თინათინ ბოკუჩავა, გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილი, თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში არაფორმალურ შეხვედრაზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

4-საათიან შეხვედრაზე იყო საუბარი 40 %-იანი ბარიერის არსებობა აუცილებელია, ანუ პოლიტიკური ძალები ქვეყანაში უნდა შეთანხმდეს, რომ თუ პარტია 40 %-ს და მეტს ვერ მიიღებს, მან მთავრობა ვერ უნდა დააკომპლექტოს.

 ოპოზიცია ამბობს, რომ 40%-იანი ბარიერი ეს ოპოზიციის   მოთხოვნების მხოლოდ ნაწილია.  მთავარი პოლიტიკური   რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების   გათავისუფლებაა. დიპლომატების შუამავლობით   გამართული არაფორმალური შეხვედრის მონაწილეები   ამბობენ, რომ ახლა მთავარია ბიძინა ივანიშვილმა   გაიაზროს რომ კომპრომისი აუცილებელია და რომ   დათმობაზე წასვლაც მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება   უნდა იყოს.

აპირებს თუ არა მთავრობა რაიმე დათმოს, ამაზე დღეს უმრავლესობის წევრები არ საუბრობდნენ.  ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გუნდში 40%-იან ბარიერზე არ უმსჯელიათ, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნება“ გაცილებით მეტს მიიღებს და მთავრობის ფორმირება არ გაუჭირდება. ოპოზიციისგან დათმობას კი ისევ აქეთ ელოდებიან.

არაფორმალური შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები ყვებოდნენ, რომ მათ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობიდან დემარშით წასულები ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანაში არ დაეხმარებიან.

მოლაპარაკების დასრულებამდე ცოტა დრო რომ რჩება, ამაზე მხარეებს დღეს ევროკავშირის ელჩმაც ღიად მიანიშნა. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დრო ცოტაა დარჩენილი და გადაწყვეტილებები დიალოგში ჩართულმა მხარეებმა დროულად უნდა მიიღონ.

დათმობაზე არცერთი მხარე არ მიდის. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერცერთ ვარიანტზე ვერ შეთანხმდება, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ვეღარ მოესწრება. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი