რა გზით შეიძლება აღმოჩნდეს ვერცხლისწყალი ადამიანის ორგანიზმში? - ექიმის განმარტება

გამოქვეყნდა:

როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ვერცხლისწყალი მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექიმ-ტოქსიკოლოგი "მთავარ არხთან" საუბრობს იმ გზებზე, რა გზითაც შესაძლოა, მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს.

კერძოდ, ეკა ქურდაძის განმარტებით, ეს შეიძლება მოხდეს კონტაქტური გზით, როცა ადამიანს უშუალო შეხება აქვს ისეთ გარემოსთან, სადაც არის მძიმე მეტალები. მეორე ვერსიით კი ეს შესაძლოა ორგანიზმში საკვების მეშვეობით აღმოჩნდეს.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით მოხვდა მძიმე მეტალები ორგანიზმში, ამისდა მიხედვით იცვლება ინტოქსიკაციის ნიშნებიც. მისივე თქმით, მთავარი რაც მას ახასიათებს, ეს არის ნერვული სისტემის, ასევე, სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის, თირკმლის დაზიანება.

"დასაშვები ნორმა შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის სისხლში ან შარდში იყოს და სულაც არ გვიქმნიდეს პრობლემას. იმის მიხედვით, რა ჩივილი ჩნდება, მერე გვიჩნდება კითხვები, რაიმე ნაერთი ხომ არ არსებობს ჩვენ სისხლში, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ძალიან ბევრი გზაა, რომ მოხდეს, თუნდაც ელემენტარული ფორმაც, არაორგანული უფრო მეტად არის ხოლმე ჩვენს ორგანიზმში, ეს შეიძლება მოხდეს როგორც კოსმეტიკური საშუალებიდან, შეიძლება საკვები პროდუქტიდან, მათ შორის ზღვის პროდუქტებიდან. მოწამვლის შემთხვევაში კანისმიერი რეაქციები შეიძლება გაჩნდეს, ძალიან ჰგავს ალერგიულ ფორმას, ნერვულ სისტემასა და თირკმელზე მოქმედებს. ნერვული სისტემის უშუალო დამაზიანებელი ფაქტორი, შეიძლება, გაჩნდეს სხვადასხვა კუთხით, შეიძლება იყოს ადინამიით გამოხატული, შეიძლება მძიმე ფორმებით", - თქვა ექიმ-ტოქსიკოლოგმა, ეკა ქურდაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაში საუბარი, რომ მის ორგანიზმში გარკვეული დოზის სხვადასხვა მძიმე მეტალი აღმოაჩინეს, მათ შორის ვერცხლისწყალი.

გიული ალასანიას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ის არ გამორიცხავს, მსგავსი ნივთიერები ორგანიზმში ხელოვნურად მოხვედრილიყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი