12 დღის წინ საოკუპაციო ზოლთან გატაცებული მამაკაცის ოჯახი ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი ცენტრალური ხელისუფლებისაგან ამ
დრომდე უშედეგოდ ელის 12 დღის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგიმარეობის დადგენას. 

მეჯვრისხევში ამბობენ, რომ ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და ამიტომ საპროტესტო აქციას გეგმავენ.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებს დღეს შეხვდნენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები და პირობა მისცეს მათ, რომ ხვალ დილამდე გატაცებულის ადგილდებარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ოჯახი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, რა ფორმით და სად გამართავენ საპროტესტო აქციას. 

მღებრიშვილები არ გამორიცხავენ, რომ დაკავების მომენტში მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოყენეს და ცეცხლიც გაუხსნეს.   

ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უმძიმეს ვითარებაზეც საუბრობს. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავისუფლად დადიან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე ხშირია საჰაერო ძალების დარღვევის ფაქტები რუსული ვერტმფრენების მიერ. მეჯვრისხეველები ამბობენ, რომ რუსებს მიტაცებული აქვთ მათი საძოვრები, სარწყავი არხი და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივები მთავრობის ყურადღებას ითხოვენ.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი