
ყაზახეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს - ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი. ის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს.
არჩევნებში მონაწილოებენ: ნურლან აუესბაევი - ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია, მეირამ კაჟიკენი - ყაზახეთის პროფკავშირების გაერთიანება „ამანათი“, ჟიგული დაირაბაევი - სახალხო დემოკრატიული პარტია „აუილ“, კარაკატ აბდენი - სოციალურ მუშაკთა ალიანსი და სალთანატ ტურსინბეკოვა - ასოციაცია "ყაზახი დედები“.
ექსპერტების აზრით, არჩევნებში ტოყაევი გაიმარჯვებს, თანაც დიდი უპირატესობით. ამასთან მათი თქმით, ტოყაევმა გადადგა ნაბიჯები ყაზახეთსა და რუსეთს შორის დისტანციის შესანარჩუნებლად. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყანა არ ცნობს უკრაინის რეგიონებს, რომლებიც რუსეთმა სუვერენულ სახელმწიფოებად გამოაცხადა თებერვალში, ომის დაწყებამდე.
ყაზახეთის ოპოზიციის მტკიცებით, ვადამდელი არჩევნებით ყასიმ ჟომართ ტოყაევი ცდილობს, თავი დააღწიოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრეობას და საბოლოოდ იქცეს დამოუკიდებელ მმართველად.