ამ წუთებში კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, აქცია იმართება. აქცია ექიმების ორგანიზებით დაიგეგმა - კანცელარიასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, თანაპარტიელები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მისი მიზანი ჰუმანიტარულია.
"არ იყო ეს მასშტაბურად ორგანიზებული, ეს იყო ექიმების ინიციატივა და მე გამიკვირდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა, არა მარტო ექიმები. საერთოდ ეს სივრცე ცნობილია გამოსვლებით უკვე მრავალი წელია, მაგრამ 2003 წელს მე ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ისევ დავუბრუნდებოდით ამ მდგომარეობას.
[...]
დღევანდელი აქცია სრულიად მშვიდობიანი აქციაა, ჰუმანიტარული მიზნები აქვს. ოჯახისა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში", - თქვა გიული ალასანიამ.
აქციაზე ასევე იმყოფება ცენტრ ემპათიის წევრი, ოთარ თოიძეც. "მთავარ არხთან" საუბრისას თოიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და მისი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება.
"სიტუაცია ორგვარია, ერთი შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეორე ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, მართვის კომპონენტებზე შემიძლია ვთქვა, რომ იგი ექვემდებარება, როგორც წამების, ასევე არაადამიანური მოპყრობის კრიტერიუმებს - მკურნალობის, ლოჯისტიკის, გადაყვანის, მოპყრობის და სხვა დარგებში, ასე რომ დღევანდელ პროტესტს მე განვიხილავ, როგორც სწორედ ამ არაადამიანური მოპყრობის წინაშე გადადგმულ ერთ-ერთ პროგრესულ ნაბიჯს, რომელიც წამოწყებულია ექიმების მიერ და მე ვფიქრობ, საზოგადოებაც აიტაცებს ამას მომავალში", - თქვა ოთარ თოიძემ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი