
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 14 დღის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო სისტემებზე წვდომა აღუდგინა. ამის შესახებ იურისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
როგორც იქნა, პროგრამა ჩაირთო და ხვალიდან უკვე ოფისი შეძლებს მუშაობას. თუმცა, ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში. რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მიდგას ეს დღეები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს საქმის დეტალებს. თქვენს გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა. ყველაფერი წინ არის, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე, - წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით, ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა ივნისის ბოლოს შეეზღუდა, რის მიზეზადაც ნოტარიუსის "ფეისბუქის" პირად გვერდზე განთავსებული პოლიტიკური განცხადებები იქცა.
საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება 1-ელ ივლისს აღუდგინა, თუმცა მას სანოტარო სისტემაზე წვდომაზე შეზღუდვა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, დღეს მოუხსნეს.