ბაჩანა შენგელია 2012 წლიდან ნოტარიუსია. უკვე რვა წელია, ყოველ სამუშაო დღეს ამ გზას გადის - დილის 9 საათზე თავის ბიუროში მიდის, კომპიუტერს რთავს და სანოტარო რეესტრში შედის. მის მიერ დამოწმებული ყველა დოკუმენტი ვარგისია მხოლოდ ამ სისტემაში ატვირთვის შემდეგ. გასულ პარასკევსაც ასე მოიქცა
სისტმემაში ვერ შევიდა. შემდეგ კანცელარიის ქსელში შესვლა სცადა. ისეც დაბლოკილი აღმოჩნდა. შემდეგ სამსახურებრივი მეილი გახსნა, მონიტორიდან კი ისევ ის მოწყენილი არსება უყურებდა.
რამდენიმე საათში გაარკვია, რომ ეს შეცდომა არ იყო და წერა დაიწყო. მისწერა ნოტარიუსთა პალატას, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თავად მინისტრს. ოთხი დღის შემდეგ კი ასე უპასუხეს:
გვითხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროდან არის დაბლოკილი და ნოტარიუსთა პალატა ვერ დაგვეხმარებოდა. რატომ იყო დაბლოკილი, ამაზე არანაირი პასუხი არ არსებობდა. გვითხრეს, მალე გაიგებთ ამის თაობაზე, - ამბობს შენგელია.
უკვე მეორე კვირაა ბაჩანა შენგელია სანოტარო ბიუროში მისულ მოქალაქეებს უხსნის, რომ დაბლოკილები არიან.
იუსტიციის სამინისტროდან მიღებულ წერილით კი აუხსნეს, რომ მინისტრის ბრძანებით, მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. კითხვაზე, რატომ შეეზღუდა ბაჩანა შენგელიას საქმიანობა იქამდე, ვიდრე რაიმე დარღვევა დადგინდებოდა, თეა წულუკიანმა გვიპასუხა.
სანამ მოქმედებს პანდემიის პირობებით ნაკარნახევი დროებითი წესები სანოტარო საქმიანობაში, ყველა ნოტარიუსს მისი დაცვა ევალება. ამ შემთხვევაშიც, როცა დაირღვა წესები, საქმიანობის ნებართვა იქნა შეჩერებული. აქედან, გავაკეთოთ რაიმე ტიპის პოლიტიკური სკანდალი, სწორი არ არის, - ამბობს წულუკიანი.
მინისტრის განცხადება მტკნარი სიცრუეა. ინსპექცია შენგელიას ბიუროში გასულ კვირას მართლაც შევიდა. ინსპექტორმა შეამოწმა, რამდენად სრულდებოდა ოფისში კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული წესები და შემოწმების აქტში საკუთარი ხელით მიუთითა - „სრულდება“.
ბაჩანა შენგელიას ბიუროში მეათე დღეა მოქალაქეებს ებოდიშებიან და განუმარტავენ, რომ სანოტარო ქსელში რეგისტრირების გარეშე, მის ბეჭედს საბუთზე არავითარი ძალა არ აქვს.
ნოტარიუსის ბეჭედი კი იმ სეიფში ინახება, სადაც მისი დედის, ია კერზაიას საქმის დოკუმენტების ორიგინალები. ნოტარიუსს სჯერა, მისი საქმიანობის შეზღუდვა იმავე პოლიტიკური რეპრესიების მეორე სერიაა, რომელის მსხვერპლიც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ემსხვერპლა. სჯერა, პირველი - ეს არის სასჯელი იმისთვის, რომ დედის სიკვდილი ხელისუფლებას არ შეარჩინა და დავას სტრასბურგში აგრძელებს. და მეორე - წინასაპრეზიდენტო კამპანიის დროს დაწყებული დევნა მისი ოჯახის მიმართ წინასაპარლამენტო არჩევნებზეც მის პოლიტიკურად განეიტრალებას ემსახურება.
ამასვე უკავშირებს რამდენიმე კვირის წინ ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულებაში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ნოტარიუსს მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ეთვლება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. დარწმუნებულია, ეს ცვლილება მხოლო მას ეძღვნებოდა, რამდენადაც ბოლო 10 წელიწადში რომელიმე სხვა ნოტარიუსის პოლიტიკური განცხადება არ ახსენება.
როდის განახლდება სანოტარო საქმიანობა, მეათე დღეა, ბაჩანა შენგელიას მოქალაქეებისთვის პასუხი არ აქვს. მისთვის კი ჯერ პასუხი არ აქვს პროკურატურას, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების თაობაზე. ამის ნამდვილად არ სჯერა, მაგრამ ნოტარიუსი პროკურატურას ამ მოთხოვნით მაინც მიმართავს.