
კლინიკა ვივა მედში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესამოწმებლად და დამატებით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის სპეციალისტებს ელოდებიან.
მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებით ექსპერტიზის ჩატარება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოითხოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მივლენ სპეციალისტები ვივა მედში.
როგორც ცენტრ ემპათიის დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალისტებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის პალატაში ალტერნატიული კომისიაც შევა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ასე კვლევის შედეგების სანდოობა უფრო გაიზრდება.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს სრული უფლება აქვს ეჭვის ქვეშ დააყენოს სამხარაულის ექსპერტების დასკვნა, რადგან ისინი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არიან.
"დაცვის მხარეს შეუძლია, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს სამხარაულის ბიუროს დასკვნა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ჩვენი იუსტიციის მინისტრი და სამხარაულის ბიურო წარმოადგენენ სახელმწიფო მხარეს," - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
კლინიკა ვივა მედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მას ტოქსიკოლოგიური კვლევის ახალი დასკვნა არ მიუღია, თუმცა აქამდე არსებულ დასკვნებში მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ არაფერი არ წერია.
მისივე თქმით, კლინიკას არანაირი პრობლემა არ აქვს დაწესებულებაში სამხარაულის ექსპერტების შეშვებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია არც ემპათიის შემოსვლის და არც სხვა სახის ექსპერტების. ნებისმიერი დარგის ექსპერტი შეიძლება შემოვიდეს და იმუშაოს ჩვენთან ერთად," - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ არსებობს იმის ეჭვი, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია. გელბახიანის შეფასებით, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მეტალები სხვაგვარად ორგანიზმში არ უნდა მოხვედრილიყო.
დღეს კი თავად მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ მას არცერთი ადვოკატისთვის არასდროს უთქვამს, რომ მას ეჭვი აქვს მოწამვლაზე.
იხილეთ ასევე: