საქართველო, ტერიტორიებთან ერთად, მოქალაქეებსაც კარგავს - "ოცნება" დუმს

გამოქვეყნდა:

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ნათესავებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი აღარ არის. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები მღებრიშვილი 12 დღის წინ, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. ოჯახისთვის გუშინ შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ის ცხინვალში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაცია მღებრიშვილის ნათესავებმა არ იციან. მათ არც საოკუპაციო რეჟიმი და არც საქართველოს მთავრობა დაკავშირებია. 

მეჯვრისხევში ეს რუსების მიერ ადგილობრივი მცხოვრების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობა გარეთ გასვლას ერიდება. ადრე ყოველ კვირას ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში დადიოდნენ. ახლა იქ რუსი ოკუპანტები დგანან და ვეღარ მიდიან. ეშინიათ. 

მეჯვრისხეველები ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციების მოწყობას აპირებენ. ისინი არამხოლოდ ხვიჩა მღებრიშვილის, არამედ სხვა გატაცებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ. მაგალითად 33 წლის ზაზა გახელაძის, რომელიც კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

საქართველოს ხელისულფების მხრიდან მეტი ყურადღება მოითხოვეს დღეს აქციის მონაწილეებმა. საპროტესტო აქცია ცხინვალის მისადგომებთან გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლოებამ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტა. 

ორწლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრებ გენადი ბესტაევს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი სახლის ეზოდან წაიყვანეს. მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ნარკოტიკული ნივთიერების გადატანა დააბრალეს. ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მოსახლება ამბობს, რომ საკუთარ სახლებშიც კი დაუცველები არიან. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დროს, გატაცების გარეშე კვირა არ გავა. მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება. საქართველო მოქალაქეებსა და ტერიტორიებს თანდათან კარგავს. "ოცნების" ხელისუფლება კი ამ ფაქტებზე არ რეაგირებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი