
არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს ჟურნალისტების დევნასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების დარღვევაში სდებენ ბრალს.
ორგანიზაციებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც 2019 წლიდან დღემდე, მაუწყებელში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არის საუბარი.
მონიტორინგი 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით ჩატარდა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2019 წლიდან ამ დრომდე მაუწყებლის ახალი დირექტორი უხეშად არღვევს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს პრინციპებს - იყოს სახელმწიფო გავლენისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მედია ორგანიზაცია.
ანგარიშში ასევე წერია, რომ 2019 წლიდან იწყება უკანონო გადაწყვეტილებების მთელი ციკლი, რაც გამოიხატება შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში, ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დევნაში და შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტაში, ან შეცვლაში.
კვლევა ამტკიცებს, რომ მაუწყებელი უხეშად ერევა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ აშკარა მითითებით, საქმიანობის შეზღუდვით ან საქმიანობისთვის ჩამოშორებით.
„მიმდინარე უსამართლო სარედაქციო, ადმინისტრაციული და შრომითი გადაწყვეტილებების ფონზე აშკარა გახდა, რომ იცვლებოდა მაუწყებლის მუშაობის შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდგომ სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა. მაგალითად, ცვლილებები შეინიშნებოდა 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რაც გამოიხატებოდა „მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.“ ამავდროულად, თუ მონიტორინგის დასაწყისში აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება კრიტიკული იყო სტუმრების მიმართ, საკადრო ცვლილებების შემდგომ ეს მიდგომა შეიცვალა - სტუმრებს აღარ უსვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს", - წერია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ვნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იდეას.
"ნიშანდობლივია ისიც, რომ მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, მთლიანობაში, ქვეყანაში პოლიტიკური და მედია კლიმატის გაუარესების ტენდენციას ემთხვევა. პოლიტიკური პოლარიზებისა და მასთან დაკავშირებული პოპულიზმის კვალდაკვალ, ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება. თუმცა, ამ სტრატეგიის უკან დემოკრატიული სივრცის შეკუმშვისა და ხელისუფლების კონტროლის და ანგარიშვალდებულების ავტორიტარული ინსტინქტები უფრო იკითხება", - ვკითხულობთ კვლევაში.
ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი საანგარიშო პერიოდში გიორგი კოხრეიძე იყო