
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მედიკოსები შეიკრიბნენ. ექიმები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციას ითხოვენ, ისინი შეეცდებიან პრეზიდენტი დაარწმუნონ, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოსტირება და მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია და ამიტომ ის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.
მედიკოსებმა ადმინისტრაციაში წერილი მიიტანეს. წერილის შინაარსი შემდეგია - დრო არ ითმენს და დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროპის ან შეერთებული შტატების კლინიკაში. ექიმები იმედოვნებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ შეხვდებათ.
ექიმები ამბობენ, რომ იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი დღის წესრიგში დააყენებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პაციენტის კვალიფიციურად მკურნალობის საკითხს.
"სამედიცინო საზოგადოების მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ პაციენტი. შესაძლებელია, მისი მდგომარეობა დასრულდეს ფატალურად, თუ არ ვიმოქმედებთ. დღეს ექიმებს გაჩუმების უფლება არ გვაქვს, ვინაიდან ეს ყველაფერი საბოლოოდ შესაძლოა, დაბრალდეს სამედიცინო საზოგადოებას, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში. იქ, სადაც მსგავსი სირთულისა და სიმძიმის პაციენტის დიდი გამოცდილებაა",- ამბობს ვილი პაჭკორია.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხანში კიდევ ერთი წერილი შევა. მისი ავტორი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძეა. წერილის შინაარსი იგივეა - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დაუყოვნებლივ საჭიროებს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას. ხაჭაპურიძე ექიმების მსგავსად იმედს იტოვებს, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი კვირის ბოლომდე მას პირისპირ შეხვდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი