
თბილისის მერის თქმით, მზიურის პარკს 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაემატება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ისაუბრა.
მისი განმარტებით, საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა. კალაძე ამბობს, რომ მოხდება სივრცის ადგილმონაცვლეობა. თუმცა თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია სად მოხდება ადგილმონაცვლეობა და სხვა დეტალები.
"მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრია, პირდაპირ მზიურის პარკის გაყოლებაზე, რომელიც დღეს ცუდ მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო გარკვეული სამუშაოების წარმოება, რადგან იყო კერძო საკუთრება. მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა", - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, საკითხი მთავრობაზე უკვე გატანილია და გადაეგზავნება საკრებულოს.