დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა -TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აცხადებს, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49-წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

"ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო - რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო, აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.[...]

დაცული ტერიტორიის ფართობზე თითო ჰექტარზე CNF – 15 აშშ დოლარს, ხოლო Wyss Foundation 30 აშშ დოლარს გამოყოფს; შესაბამისად, ამ შეთავაზებით, თითო ჰექტარზე სახელმწიფო 45 აშშ დოლარს, ანუ დაახლოებით 149.2 ლარს იღებს.

რაჭის შემთხვევაში, საუბარი იყო მინიმუმ 46,972 ჰექტარზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,113,740 აშშ დოლარი, და მაქსიმუმ – 65,761 ჰექტარ ტერიტორიაზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,959,245 აშშ დოლარი. დაფინანსება დაცული ტერიტორიის შექმნიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოფა და ხმარდება ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების ანაზღაურების დაფარვას", - წერს TI.

18 ივლისს, დავით ხიდაშელთან გარიგების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტის ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასვლიდან 2 დღეში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ რაჭაში 50,894 ჰექტარზე შეიქმნებოდა დაცული ტერიტორია. ამ ზომის დაცული ტერიტორია CNF-ისგან 2,290,230 აშშ დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.

თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რჩება 14,867 ჰექტარი, რაზეც დამატებით შეიძლებოდა დაცული ტერიტორიის გავრცელება, რა შემთხვევაშიც დაფინანსება 619,757 აშშ დოლარით, ანუ დაახლოებით 2,057,593 ლარით გაიზრდებოდა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია დავით ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობის ნაწილი იქნება, რაშიც ის 13-ჯერ უფრო ნაკლებს გადაიხდის"- წერს TI. 

TI ასაცელებს რამდენიმე გარემოებასაც, რომელიც მათი თქმით, მიუთითებს, რომ ხიდაშელი რიგითი ბიზნესმენი არაა და ის ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია:

  • დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. 2007-2014 წლებში ის ევტუშენკოვის კომპანია “სისტემას” (უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ხელმძღვანელობდა; კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაში არის ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის 13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა.
  • ევტუშენკოვს ასევე ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან. მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილმა ევტუშენკოვისგან ბიზნეს შეთავაზება მიიღო და მის წარმომადგენელს ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა შესთავაზა (პრემიერი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი იყო). ევტუშენკოვმა ღარიბაშვილთან შეხვედრა დაადასტურა, ხიდაშელმა – უარყო, თუმცა ევტუშენკოვის შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა.
  • დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია – გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს დავით ხიდაშელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, რისთვისაც მას ივანიშვილმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა.
  • ამასთან, 2022 წლის 28-29 მაისს, პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველი სტატუსით, დავით ხიდაშელიც იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს. პუბლიკაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი