
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.
სპორტსმენის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ამ ფაქტს სასამართლოს მხრიდან საქმეზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესს უკავშირებს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შეიცვალოს ბრალის დადგენილებაც. საქმეს, შესაძლოა, ახალი ეპიზოდებიც, სხვადასხვა დროს ჩადენილი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც დაემატოს, რომლებზეც ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდეს.
გამოძიების მხრიდან, საჭიროდ ჩაითვალა, რომ სჭირდებათ ცოტა მეტი დრო. გამოძიება ამუშავებს სხვა ეპიზოდებსაც... თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არის, რომ ბრალის დადგენილება შეიცვალოს, - ამბობს დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე.