
მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის მეორე მატჩის დაწყებამდე ირანის მთავრობის მომხრე ფანები მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს სტადიონის გარეთ დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
ირანმა საფეხბურთო მატჩი დღეს, 25 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ უნდა გამართოს. შესაბამისად, მოედანზე ირანელი გულშემატკივრებიც შეიკრიბნენ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ირანის ახლანდელ რეჟიმს პროტესტს უცხადებენ. ისინი თამაშის წინ რევოლუციამდელი ირანის დროშებითა და წარწერიანი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებსაც ეწერა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება".
Associated Press-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრე ზოგიერთმა ირანელმა გულშემატკივარმა, მთავრობის მოწინააღმდეგეებს რევოლუციამდელი ირანის სახელმწიფო დროშები წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ქომაგებს, რომლებსაც ანტისამთავრობო წარწერებიანი მაისურები ეცვათ.
"ბევრი ქალი გულშემატკივარი ტიროდა, როცა ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა მათ ნაციონალური დროშებით წრე შემოარტყეს და ტელეფონებით გადაიღეს", - წერს AP.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს ირანმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საფეხბურთო მატჩი ინგლისის წინააღმდეგ გამართა. მაშინ ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ეროვნული ჰიმნი არ ემღერათ, რათა საკუთარი მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის.
ირანში უკვე რამდენიმე თვეა რაც მასიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებს. ის "მორალის პოლიციამ" მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. სამართალდამცველები ახალგაზრდა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ამ დრომდე ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.