მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ, - შესაბამისი განცხადება დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ფემიციდთან საბრძოლველად ცალკეული უწყებების მუშაობა წყალში იყრება, როდესაც საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.

"მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არაა საკმარისი. მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა. მოვუწოდებთ მამაკაც პოლიტიკოსებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლიც იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე - 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა - გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ცივილიზებული, სამართლიანი და სათანადო განმარტება იყოს ამ დანაშაულის კანონში შემოტანილი. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი და სანამ ფემიციდის პრობლემაზე მხოლოდ ქალები ისაუბრებენ, მანამდე ის მხოლოდ სტატისტიკურ მოვლენად დარჩება.

"მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია... სანამ ჩვენ, მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთ შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი