
მექსიკის ყურეში საკრუიზო გემიდან დაკარგული მგზავრი მაშველებმა გადაარჩინეს - ის ზღვაში 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
28 წლის კაცი Carnival Valor-ის გემზე ბარში დასთან ერთად იმყოფებოდა. საპირფარეშოში გასვლის შემდეგ, ის მოულოდნელად გაუჩინარდა.
ტერიტორია რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟმა დაათვალიერა, საბოლოოდ კი კაცი ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 20 მილის დაშორებით აღმოაჩინეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ლეიტენანტმა სეთ გროსმა თქვა, რომ კაცი წყალში, სავარაუდოდ, 15 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს წყალში ყოფნის "ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი და მადლიერების დღის ერთ-ერთი სასწაულია".
უცნობია, როგორ ჩავარდა კაცი გემიდან წყალში. საკრუიზო გემი მექსიკისკენ მიემართებოდა.