
უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი მხარს უჭერენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებას, უკრაინისთვის დახმარების გაძლიერებასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
სამი ქვეყნის პრემიერმინისტრმა განცხადებას ხელი მოაწერეს კიევში ლუბლინის სამკუთხედის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.
განცხადებაში ასევე საუბარია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ქვეყნებმა მზაობა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის რეკონსტრუქციაში და მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ევროკომისიის მიერ დადებითი შეფასების მიღებისთანავე.
ლუბლინის სამკუთხედი არის დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს უკრაინას, ლიეტუვასა და პოლონეთს. ამ ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი 2020 წლის 28 ივლისს ლუბლინში მოაწერეს. ამ ფორმატის ფარგლებში ვარშავა, ვილნიუსი და კიევი თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.