"საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას" | "დროა"

გამოქვეყნდა:

ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტია "დროა" ეხმაურება და წერს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქო წლებია ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება.

გარდა ამისა, პარტია განცხადებაში რუსეთთან საპატრიარქოს კავშირებზე საუბრობს და წერს, რომ ილია მეორე ერთადერთი სასულიერო ლიდერია, ვინც რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.

"ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას საქართველოში. საპატრიარქოს სპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ მონაზონზე განხორციელებული ძალადობა მედიას დააბრალა. ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მიზანმიმართული, წახალისებული აგრესიისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლები არიან.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადება არ არის ერთეული შემთხვევა და საპატრიარქო უკვე წლებია ყოფს საქართველოს საზოგადოებას და სიძულვილს თესავს. წლებია, საქართველოს საპატრიარქო ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება. ყველა ეს ჯგუფი საპატრიარქოსა და ქართული ოცნების ინსტრუმენტია საზოგადოებაზე ძალადობრივი კონტროლის მოსაპოვებლად. მედიის, აქტივისტების, უმცირესობების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა, მათი ჩაგვრა, ძალადობა, შიშის დათესვა და საზოგადოების სიძულვილით კვება რუსული მართვის მოდელია, რასაც მყარი რუსული კავშირების მქონე საპატრიარქო და ხელისუფლება წლებია იყენებენ.

ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისი, 2021 წლის 5 ივლისი, როცა ხელისუფლებისა და საპატრიარქოსგან წახალისებულმა და მართულმა ჯგუფებმა მასობრივად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, რაც მსხვერპლით დასრულდა.

რუსეთთან საპატრიარქოს კავშირი უკვე ღია და დაუფარავია. უკრაინაში ომის შესახებ სრული დუმილის ფონზე, საქართველოს პატრიარქი იყო ერთადერთი სასულიერო ლიდერი მთელ მსოფლიოში, ვინც რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. კირილი ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიური საყრდენია და მისი პოლიტიკის გამტარებელია, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სასტიკ, არაადამიანურ ომს.

სწორედ სიძულვილით, მტრობით, ძალადობით საზოგადოების კვებამ გააღვიძა ადამიანებში არსებული ყველაზე ბნელი ინსტინქტები. ამის შედეგია მზარდი ფემიციდი, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ძალადობა, არასრულწლოვანებზე განხორციელებული ძალადობის გახშირებული ფაქტები.

ძალადობის ეს ტალღა არათუ არ შემცირდება, არამედ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება პრობლემის ფუნდამენტთან დაპირისპირების გარეშე - ქვეყნის მართვის რუსული მოდელი, რომელსაც საპატრიარქო და ქართული ოცნება იყენებენ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძალადობა მედიასა და კრიტიკოსებს დაუკავშირა და თქვა: "ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს". "მთავარი არხი" ჯაღმაიძეს დამატებითი განმარტებებისთვის დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჯაღმაიძის მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმონმა.

მონაზონზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარზე 2 პირი - 27 და 39 წლის კაცები დააკავა, გამოძიება მათ ჯგუფურ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას ედავება. თავდასხმას 26 ნოემბერს საპატრიარქოს 
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, მან მომხდარში კრიტიკული მედია და კრიტიკოსები დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი