სიტყვიერი დაპირისპირება ადა მარშანიასა და გიგა ბოკერიას შორის სხდომათა დარბზში მუხროვანის ამბოხების საკითხზე დაწყებულ დებატებს მოჰყვა. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის სამიზნე დღეს მხოლოდ "ევროპული საქართველო" არ ყოფილა. ადა მარშანიამ "ქართული ოცნება" უმოქმედობაში დაადანაშაულა და იმის გამო გააკრიტიკა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს უფლებას აძლევენ, პარლამენტში იმუშაონ.
ხმაური და მორიგი ურთიერთბრალდებები სხდომათა დარბაზში გიგა ბოკერიას განცხადებას მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერმა მუხროვანის საქმე 10 წლის შემდეგ გაიხსენა და ამ საკითხზე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილი შეფასებები გააკრიტიკა. გიგა ბოკერია ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ამბოხის საქმეზე დღემდე ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრებები აქვს და მის გამართლებას ცდილობს.
კობა კობალაძე, "ოცნების" დეპუტატი, რომელიც 2009 წლის 5 მაისის შემდეგ დაკავებული იყო და მოგვიანებით ამბოხის მომზადების მცდელობის ნაწილში გამართლდა, ამბობს, რომ საქმეს მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
ირაკლი სესიაშვილმა კი აღიარა, რომ მუხროვანში ნამდვილად დაუმორჩილებლობა იყო და ამის გამო კონკრეტული პირებიც უნდა დასჯილიყვნენ.
ირაკლი სესიაშვილის ამ განცხადებას დღეს ოპოზიციამ "ოცნების" აღიარება უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ოცნებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა და ამტკიცებდა, რომ მუხროვანში ამბოხის საქმე წინა ხელისუფლების დადგმული იყო. ახლა კი ეს ყველფერი ამ აღიარებამ თავდაყირა დააყენა.
მუხროვანის ამბოხის საქმე აქტუალური რამდენიმე დღის წინ გახდა, როდესაც პარლამენტში საქმის განმხილველ მოსამართლეს თამარ ალანიას უსმენდნენ. ალანიამ კომიტეტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ მუხროვანის საქმეზე განაჩენის გამოტანის დროს მასზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.