
ირანი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრა, თუ ფეხბურთელები სამშაბათს აშშ-თან მატჩის წინ "კარგად არ მოიქცევიან". ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიას წყარომ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის წინ ირანელმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად, უარი თქვეს შეესრულებინათ ეროვნული ჰიმნი, ფეხბურთელები ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელებს უთხრეს, რომ მათი ოჯახის წევრები "ძალადობისა და წამების" მსხვერპლი აღმოჩნდებოდნენ, თუ ისინი მომდევნო თამაშზე არ იმღერებდნენ ეროვნულ ჰიმნს ან შეუერთდებოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს.
გასულ პარასკევს, 25 ნოემბერს უელსთან მატჩის წინ ირანის ფეხბურთის ნაკრებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულა.
წყარო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კატარში მოქმედ ირანის უსაფრთხოების სააგენტოებს ახლოდან აკვირდება, CNN-ს უყვება, რომ კატარში IRGC-ის ათობით ოფიცერი შეიყვანეს ირანელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ასევე, ფეხბურთელებს ეკრძალებათ უცხოელებთან შეხვედრა.
"კატარში ირანელი უსაფრთხოების ოფიცრების დიდი რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და აკონტროლებენ მოთამაშეებს", - თქვა წყარომ.
ირანის რეჟიმისგან მუქარების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან შეხვედრები ჰქონდა. წყაროს არ დაუკონკრეტებია, რას შეეხებოდა საუბრები. მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ ირანელ ფეხბურთელებს შეუძლიათ მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტი გამოთქვან, მაგრამ მხოლოდ ფიფას რეგულაციების ფარგლებში.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციითვე, ინგლისთან თამაშის წინ, ირანი ფეხბურთელებს "საჩუქრებსა და მანქანას" დაჰპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს, ისინი მუქარაზე გადავიდნენ.