დაჯარიმება და სანქციების მყისიერი აღსრულება - "ოცნება" მედიას ახალ შეზღუდვებს უწესებს

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების კომისიის მიერ პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დაჯარიმება და ამ სანქციების მყისიერი აღსრულება შეეძლება, სასამართლო განხილვისა თუ გასაჩივრების უფლების გარეშე.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოს, ასევე შეეძლება, სამაუწყებლო ეთერებში განთავსებული ვიდეო და სარეკლამო რგოლების შინაარსში შევიდეს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.

ცვლილებებს კრიტიკულად უყურებენ მედია, ოპოზიციურ და სამოქალაქო სექტორებში.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, ისედაც დიდი ძალაუფლების მქონე მარეგულირებელი კომპანიისთვის კიდევ უფრო დიდი ძალაუფლების მინიჭება ევროპულ სტანდარტებში არ ჯდება.

"ცვლილებები, რომელიც აქვს შემოთავაზებული ფორმალურად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ფაქტობრივად "ქართულ ოცნებას", ის გულისხმობს სიძულვილის ენის კომისიის რეგულირებაში გადატანას, რაც გაუხსნის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი კრიტიკული მაუწყებელი მისი შეხედულებისამებრ დააჯარიმოს.", - ამბობს სიმონიშვილი.

ამ ცვლილებების ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალებებიც შეუერთდნენ, თუმცა იგი "ქართულმა ოცნებამ" არ მიიღო.

თამარ კორძაიას აზრით, მედიის კონტროლს არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, არამედ თავად მაუწყებლების მიერ შექმნილი საბჭოები უნდა ახდენდნენ.

"ჩვენი შეთავაზებით, ევროკავშირის რეგულაციები სრულდება და უკეთესად სრულდება, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება რომ მაგალითად სიძულვილის ენა და პასუხის უფლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველი კი არ იყოს, თავად ტელევიზიებმა შექმნან ასეთი საბჭო, რომელიც ამაზე იმსჯელებს.", - განაცხადა კორძაიამ.

კრიტიკას "სისულელეს" უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე და ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება და საბოლოო დასკვნის დადებამდე სანქციების გარეშე ამოქმედდება.

"გაიგზავნება ეს დოკუმენტი დასკვნისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამ ექვსი თვის განმავლობაში, თუ იქნება რაიმე შენიშვნა, ჩვენ გვექნება ამ შენიშვნებზე მსჯელობა, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში ეს კანონპროექტი ამოქმედდება სანქციების გარეშე.", -ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ამჟამად მოქმედი კანონი სამაუწყებლო კომპანიებს საშუალებას უტოვებს მათთვის დაწესებული ჯარიმა გაასაჩივრონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი