თავად სააკაშვილმა განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი - ბრეგაძე შესაძლო მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი თავად თქვა. ბრეგაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა შესაძლო მოწამვლაზე გააკეთა განცხადება, იუსტიციის სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, თუმცა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, ბრეგაძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა

"რაც შეეხება მოწამვლას. ამასთან დაკავშირებით, ერთ - ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი." თქვა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მედიკამენტებს პაციენტს ექიმები აწვდიან, ხოლო საკვებს ნდობით აღჭურვილი პირები და ვინც აკეთებს განცხადებას მოწამვლაზე, "კეთილი უნდა ინებოს" და დაასახელოს ვისზე საუბრობს. ბრეგაძის განცხადებითვე, ექიმების წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს:

"მედიკამენტებს ბუნებრივია აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც პირდაპირ შეიძლება შეფასებული იყოს როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.

რაც შეეხება საკვებს - მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები- ეს არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვა პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე, ან მედიკამენტებზე, კეთილი უნდა ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს." განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი