
ოპოზიციამ ეკონომიკის სამინისტროდან დოკუმენტი გამოითხოვა, რომელიც, მათი თქმით, არაა გამორიცხული თბილისის მერის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება გახდეს. საქმე ეხება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
"ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ დოკუმენტში წერია, რომ საქართველო საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის წევრია, რაც ქვეყანას ავალდებულებს, რომ შადრევნები საერთაშორისო სტანდარტით მოაწყოს, თუმცა ეს არ იყო გათვალისწინებული.
"ეკონომიკის სამინისტრო გვიპასუხა, რომ დიახ, საქართველო ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტს და მას აქვს იგივე ვალდებულებები, რომლებიც გააჩნიათ, მაგალითად ევროპულ სახელმწიფოებში, როცა შადრევნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დასკვნა აქედან ძალიან მარტივია, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტი იყო უგულებელყოფილი, როგორც პროექტირების ეტაპზე, ისე შესრულების ეტაპზე", - ამბობს ენმ-ს წევრი, ნინო კვიტაიშვილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.