
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი კიევში დღეს, 2 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოში გადმოასვენებენ.
როგორც მისი თანამებრძოლი არჩილ შარვაშიძე იხსენებს, 26 წლის ქართველი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავიდა:
"ჯაბა გავიცანი მარტის თვეში, მაგრამ ის იქამდე იყო ჩასული. თითქმის ყველა ცხელ წერტილში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, ირპენიც ჰქონდა იქამდე გამოვლილი და ნაბრძოლი. როგორც გითხარით, მთელი რვა თვის განმავლობაში ერთად ვიყავით და ეს იყო უსაყვარლესი ადამიანი, ეს იყო ადამიანი სიყვარული და არ ვიცი, როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მომენტალურად ჩავიდა კიევში და მთელი ეს პერიოდი იქ იყო. მისთვის, უკრაინისთვის ბრძოლა ეს იყო საქართველოსთვის ბრძოლა. ძალიან მიჭირს ამ ადამიანზე წარსულში საუბარი", - თქვა არჩილ შარვაშიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.
ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის მიზეზზე საუბრობს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. მისი თქმით, ქართველი მებრძოლი მოწამვლის შემდეგ, საავადმყოფოში მკურნალობდა, იგი კლინიკიდან გაწერეს კიდეც, თუმცა ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ჯაბას დაღუპვის მიზეზი არის ქიმიური მოწამვლა, ის იყო მოწამლული, მკურნალობდა, კარგად იყო, უკვე გაწერეს, მაგრამ იმდენად საშინელება და მძიმე ქიმიურ იარაღს ხმარობს ორკი, რომ უცებ დაიღუპა, რაც არ უნდა მომხდარიყო, არავინ ამას არ ელოდებოდა. დამამახსოვრდება ძალიან ბუმბერაზი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, გოლიათი და ძალიან კეთილი ადამიანი", - იხსენებს ნადიმ ხმალაძე.
ცნობისთვის, ჯამბულათ ხოფერია 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. 26 წლის ახალგაზრდა ომში პირველი დღეებიდან ჩაერთო. სავარაუდოდ, ის ხერსონთან მომხდარი ერთ-ერთი დაბომბვის დროს ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი