საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთოხების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე ამბობს, რომ სამინისტროდან გაუშვეს.
ნატა ქორიძე წერს, რომ უწყებაში 17 წელი მუშაობდა. მისი თქმით, მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა.
"დავწერ მარტივად. გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო.
ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.
საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი - ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს", - წერს ქორიძე.
მისი თქმით, არ ეგონა, რომ ასე დასრულდებოდა მისი საქმიანობა სამინისტროში და სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.