
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - როგორც უწყება აცხადებს, დიპლომატს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა და დეტალური ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
საგარეოს ინფორმაციითვე, ჩეხეთის ელჩმა ხვთისიაშვილს განუცხადა, რომ "მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება":
2022 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.
ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს." აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩეხეთის ელჩის განცხადება - საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, ნაწილი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის