
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ, მორიგი პროვოკაციების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც უწყება აცხადებს, ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.
სამინისტროს ცნობით, ასეთი შეტყობინებები მიიღეს საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვში (პოლონეთი) და ჩეხეთში მდებარე საკონსულოში.
"შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას" - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში უკრაინის ელჩის რეზიდენციის შესასვლელი დააზიანეს, ხოლო ყაზახეთში საელჩომ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა, ხოლო აშშ-ში უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.
"გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს კარგად დაგეგმილი ტერორი და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია, თუმცა, ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება.
უკრაინული მხარე აღნიშნული ფაქტების გამოსაძიებლად, უცხო ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობს, პარალელურად კი, ქვეყნის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.