იმედი გვაქვს, რომ ახალი სახალხო დამცველი ისევე დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს, როგორც ნინო ლომჯარია - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს 5 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა.

დიპლომატები ნინო ლომჯარიასა და მისი გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს დადებითად აფასებენ. როგორც საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის გუნდს.

„ამერიკისთვის დიდი პრივილეგიაა, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ასეთ სამსახურს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის. ვფიქრობ, ამ კონფერენციაზე ყველა მოიხიბლა სამუშაოს იმ რაოდენობით, რომელიც შეასრულა სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო 5 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა არის ბევრი სფერო, რომელიც კიდევ მოითხოვს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, მომავალი სახალხო დამცველი ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამოავლენს დამოუკიდებელ და საქმისადმი ერთგულ ადამიანს, რომელიც ისევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, როგორც ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებდნენ“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე წარმატებულს უწოდებს ნინო ლომჯარიას საქმიანობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჰაველ პერჩინსკი.

მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსით მოხდება და უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი კვლავ შენარჩუნდება.

„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანების უფლებების დაცვაზე საქართველოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, ჩვენ ვიცით რომ პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვიცით, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსენსუსის შედეგად, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ. ჯერ ყველაფერი კარგად არის და ვიმედოვნებთ, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში აირჩევენ. ამ დროისთვის მმართველი პარტია ოპოზიციასთან 8 კანდიდატთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერცერთ მათგანზე ვერ შეთანხმდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი