"სისხლით და შარდით ვერ ხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა" | ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასწორი ნიმუშები აუღეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს კვლევა არასწორი მიმართულებით ჩაუტარა.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სისხლისა და შარდის ანალიზები, რითაც შეუძლებელია ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა დადგინდეს. ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარე სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ფიქრობს, რომ გამოძიება ცდილობს ამერიკელების კრიტიკულ დასკვნას თავიანთი დასკვნა დაუპირისპირონ.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებული იქნა საექსპერიმენტო ნიმუშები, აღებული იქნა სისხლისა და შარდის ანალიზი. გაეროს პროტოკოლებით, ასევე ჯანმოს პროტოკოლების სისხლით და შარდით ვერ ხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები, ამერიკელმა ექსპერტმა მერე ამაზე გასცეს სათანადო დასკვნა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის რომ პიარი ატყდეს და პიარ ელემენტები შეიცავს არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით, მაინც იქნა აღებული სისხლის ანალიზი. როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას, ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი დოკუმენტი. ეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება, უკვე წინასწარ ვიცი რა იქნება პასუხი, არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე შუამდგომლობას დავაყენებთ სასამართლოში", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახის ინფორმაციით ის მძიმეა. ამ წუთებში მასთან დედა, გიული ალასანია იმყოფება.

დღეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი