მოსკოვის თავხედური ბრალდებები და თბილისის უსუსური რეაქცია

გამოქვეყნდა:

მოსკოვის თავხედური ბრალდებები და თბილისის უსუსური რეაქცია - ოკუპანტების მიერ გატაცებული ჩვენი თანამოქალაქეების ბედი კვლავ გაურკვეველია. მაშინ როდესაც საქართველოს დედაქალაქში დუმილს ინარჩუნებენ და მხოლოდ პროტოკოლურ დიპლომატიურ შეხვედრებს მართავენ, კრემლი მსოფლიო მასშტაბით ახალ ბრალდებებს გვიყენებს. უფრო მეტიც, მოსკოვი ახლა უკვე ვაშინგტონსაც ადანაშულებს საქართველოს მხარდაჭერაში და ჟენევის ფორმატის დისკრედიტირებასაც ცდილობს. ლავროვის უწყება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი არაფერ შუაშია და ცინიკურად გვირჩევს, ყველა საკითხზე მოლაპარაკება ცხინვალთან და სოხუმთან გავმართოთ.

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი მეუღლე 11 ივლისს გატაცებული ზაზა გახელაძის გამოსახსნელად მობილიზაციას საზოგადოებას, ოჯახს, ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ. ექიმი, რომელიც ოკუპანტებს თვეზე მეტ ხანს ჰყავდათ დაპატიმრებული, ამბობს, რომ თუკი ყველა არხით ზეწოლა არ იქნება ოფიციალურ მოსკოვზე, ზაზა გახელაძის გათავისუფლება გართულდება. 

მოსკოვი რომ მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე უარის თქმას არ აპირებს, ამის შესახებ ლავროვის უწყების საკმაოდ ცინიკურ განცხადებაში წერია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტების ინტერპრეტაციას ახდენს და ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო აფხაზეთის, დაღესტნისა თუ შიდა ქართლის მიმართულებით აპატიმრებს. 

ოფიციალური თბილისი კი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველა არხი ამოქმედებულია, პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ელის ზაზა გახელაძეს - შეძლებს თუ არა ქართული მხარე მის გამოხსნას. 

ლავროვის უწყების განცხადების ბოლო ნაწილში ოფიციალური მოსკოვი პრეტენზიებს შეერთებულ შტატებსაც უყენებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს აქტიურ ჩართულობას და საქართველოსადმი მხარდამჭერ პოზიციას პროვოკაციულს უწოდებს. საქართველოში შეერთებული  შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ რა პროვოკაციასაც არ უნდა გეგმავდეს რუსეთი, ვაშინგტონის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უცვლელია.

რუსეთის სამიზნე ახლა ჟენევის ფორმატია, ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ არის. 

ლავროვის უწყებამ ცინიკური განცხადება დღეს გამოაქვეყნა, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის გამართვასაც ურჩევენ.  

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი