დაბინძურებული სარეკრეაციო ზონა - ხელისუფლებისგან მიტოვებული დასახლება

გამოქვეყნდა:

წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან მიტოვებული დასახლება კომპანიამ, რომელსაც კახა კალაძე ლობირებს, ნაგავსაყრელად აქცია. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის შემდეგ დარჩენილი სამშენებლო ნაგავი ახლა სარეკრეაციო ზონაშია მიმოფანტული. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგავი, კომპანია "ჯეო გრუპმა" დაყარა. კახეთის გზატკეცილის სამუშაოების დროს დარჩენილი ძველი "ბორდიურები" და ბეტონის ნარჩენები კომპანიამ რეკრეაციულ ზონაში მიიტანა და დატოვა. ასობით კვადრატულ მეტრ მიწაზე, მწვანე სივრცეს ადგილობრივები საძოვრებად იყენებდნენ, ახლა აქ პირუტყვის გაყვანა შეუძლებელია. 

კომპანია "ჯეო გრუპს", სამშენებლო მასალის გადაყრაზე ხელშეკრულება 2018 წელს ქალაქის მერიამ გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ბეტონისა და "ბორდიურების" ნარჩენების გადაყრისთვის კომპანიას ორ მილიონ 400 ათას ლარამდე გადაუხადეს. ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აწერს, გაწერილია, რომ კომპანია ვალდებული იყო, ინერტული მასალა გლდანში, სპეციალურ ნაგავსაყრელზე გადაეყარა. თუმცა "ჯეო გრუპმა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ნაგავი იქვე, აეროპორტის სიახლოვეს მწვანე ზონად მონიშნულ ტერიტორიაზე ისე დაყარა, რომ მისთვის არც მერიას და არც გამგეობას პასუხი არ მოუთხოვია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომპანიამ თვითნებური გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის ქალაქის მერის შემომწირველია და მას პირადად კალაძე ლობირებს.   

სამგორში, სავანეს დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქის მერიასა და გამგეობას წლებია მიტოვებული აქვს და სანაგვედ არის ქცეული. ადგილობრივები დიდი ხანია გზას, ნაგვის ურნებსა და გაზს ითხოვენ, თუმცა პრობლემების მოსასმენად აქ სამგორის გამგებელი არასოდეს უნახავთ. 

"მთავარი არხი" სამგორის გამგეობაში იმყოფებოდა, კახა სამხარაძე ადგილზე არ დაგხვდა, სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ აეროპორტის მიმდებარედ დასახლება სავანეს არსებობის შესახებ იცოდა, თუმცა არ გაუგია, რომ იქ კომპანია "ჯეო გრუპმა" ტონობით ნაგავი თვითნებურად დაყარა.

სამგორის გამგებელმა "მთავარი არხის" ზარებს აღარ უპასუხა. შესაბამისად, ადგილობრივების კითხვები, როდის ექნებათ გზა, გაზი და ელემენტარული პირობები კახა სამხარაძემ უპასუხოდ დატოვა. ასევე უცნობია, დაინტერესდება თუ არა ქალაქის მერი, რატომ მიითვისა "ჯეო გრუპმა" ორ მილიონ ლარზე მეტი და დაეკისრება თუ არა მას სანქციები დარღვეული კონტრაქტისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო მასალით დაბინძურების გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი