"კრემლი, რომელმაც მამაჩემი მოკლა, ომში ჩემს გაწვევას შეეცადა" | The Guardian-ის ინტერვიუ ლიტვინენკოს შვილთან 

გამოქვეყნდა:

რუსეთში სცადეს 2006 წელს ლონდონში მოკლული КГБ-სა და ФСБ-ს ყოფილი ოფიცრის ალექსანდრ 
ლიტვინენკოს ვაჟის, ანატოლი ლიტვინენკოს მობილიზება -  ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში თავად ლიტვინენკომ ისაუბრა.

სამხედრო კომისარიატის წევრები იმ ბინაში მივიდნენ, სადაც ლიტვინენკო ოქტომბრის შუა რიცხვებში იყო რეგისტრირებული. კარი მათ ოჯახის მეგობრებმა გაუღეს, ვინაიდან თავად ლიტვინენკო 20 წელია რუსეთში არ ცხოვრობს. ანატოლი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში წლების წინ გადავიდა. 

"გასაკვირი არ არის, რომ რუსულ სამხედროებს მე ქვემეხის საკვებად ვჭირდები, მაგრამ რატომ ეგონათ, რომ სახლში ვიქნებოდი?" - ამბობს ის. 

КГБ-სა და ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო დიდ ბრიტანეთში გაიქცა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა 2000 წელს. 1998 წელს, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას, მან და რამდენიმე კოლეგამ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ დაევალათ გავლენიანი ოლიგარქისა და პოლიტიკოსის ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა. 

2004 წლიდან ლიტვინენკო თანამშრომლობდა ბრიტანეთისა და ესპანეთის სადაზვერვო სამსახურებთან, აწვდიდა ინფორმაციას ევროპაში რუსული მაფიის შესახებ და რუს ოფიციალურ პირებთან მის კავშირებზე. 

2006 წლის ნოემბერში ლიტვინენკო მოკლეს ლონდონში. გამომძიებლების თქმით, ის ჩაიში დამატებული რადიოაქტიური ნივთიერებით „პოლონიუმ-210“ მოიწამლა. ბრიტანულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ლიტვინენკო რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა ანდრეი ლუგოვოიმ და ბიზნესმენმა დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს. ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ მოწამვლას ჰქონდა „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკვლელობის“ ყველა ნიშანი.

კრემლი კი მკვლელობაში მონაწილეობას ყოველთვის უარყოფდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი