"ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია... ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი "მთავარ არხთან" საუბრობს.
ის ბახმუტში, 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა:
სამწუხაროდ, გუშინ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის პირველივე დღიდან ქართველ მოხალისეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მათ სამხედრო აღჭურვილობით ვეხმარებით. ძნელია შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ამ ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან. უკრაინაში ვებრძვით სახელწიფოს, რომელიც ბოროტებას წარმოადგენს. სანამ დასავლეთი რეაგირებას არ ახდენდა, რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიითვისა.
ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძია. ჩვენი მებრძოლები ძალიან ბევრ ოკუპანტს კლავენ. დაღუპულების რაოდენობას თუ შევადარებთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ სადაც 10 რუსი კვდება, ჩვენ ერთ ჯარისკაცს ვკარგავთ. რუსების მხრიდან დაღუპულები, ან პატიმრები ან დაბალი მორალის მქონე ადამიანები არიან. ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანია. გვტკივა როდესაც საუკეთესო ადამინებს ვკარგავთ. სამწუხაროდ ეს ხდება. ამ ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენს გმირებს და ჩვენს მეგობრებს შესაბამის პატივს მივაგებთ, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უკრაინაში აუცილებლად შევხვდებით.
დეტალურად ვერ გეტყვით, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები, რადგან იქ სხვა ჯარისკაცებიც იმყოფებიან. მოვლენები ყოველ წუთს იცვლება და არ გვინდა სხვებსაც საფრთხე შევუქმნათ. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია. იქ ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები ბახმუტს ყოველდღიური რეჟიმში ანადგურებენ. იყენებენ ავიაციას, არტილერიას, საზენიტო და ზალპურ სარაკეტო სისტემებს. ქალაქი განადგურებულია. სროლების ინტენსივობა შეიძლება 3 ან 4 საათი უწყვეტად გაგრძელდეს. სროლების პარალელურად პრიგოჟინის პატიმრებიც იბრძვიან. რუსები ამ პატიმრებს საზარბაზნე ხორცებად იყენებენ. მტრის მანევრები ჩვენთვის ცნობილია.
ბახმუტში ძალიან ბევრი ახლადმობილიზებული ჯარისკაცი, პატიმარი და რუსული ელიტური დაჯგუფების, „ე-ლიგის“ წევრია. ასევე კადიროველები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები. განსაკუთრებით პროფესიონალები ელიტური დაჯგუფებისა და სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან. მათ ომის წესები იციან. აქედან გამომდინარე დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. მათთან ბრძოლები რთულია, თუმცა ჩვენი ბიჭები ეფექტურად მოქმედებენ. რუსეთს შეუძლია ბევრი ჯარისკაცი დაკარგოს არ ამაზე არ ინერვიულოს. კრემლისთვის ადამიანებს ფასი არ აქვს. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ფასდაუდებელია, - ამბობს გაიდაი.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.