უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ "მთავარ არხთან" ინტერვიუში გუშინ ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ისაუბრა და სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
გონჩარენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის საერთო ომი მტრის - რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინაში მებრძოლ თითოეულ ქართველს მადლობა გადაუხადა.
"სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ქართველი ბიჭები უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მებრძოლები ამ ომში შეგნებულად წავიდნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ რუსეთი საერთო მტერია და ეს ომიც, საერთო ომია. ეს მებრძოლები აქ საქართველოსთვის და სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ. უკრაინელი ერი მადლობელია თითოეული მოხალისე მებრძოლის რომელიც მხარში დაგვიდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. გმირები არ კვდებიან. მადლობა ყველა ქართველს რომელიც აქ არის. საუკეთესო ადამიანების დაკარგვა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია", - თქვა გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.