მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.
ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერები მართავენ, წერს, რომ აბდურახმანოვის მოკვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.
"რაც არ უნდა გაგვიჭირდეს მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები სიმართლე აღმოჩნდა.
რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ყოვლისშემძლე ალაჰმა ისურვა, მისი გარდაცვალების დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს და მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს", - წერს 1ADAT ტელეგრამ არხზე.
ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩენი ბლოგერია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა. 2 დეკემბერს გავრცელდა ცნობები მისი გაუჩინარების შესახებ, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გარდაცვალებაზეც.
ტუმსო აბდურახმანოვმა გარემოცვასთან დაპირისპირებისა და საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა.