ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და შეახსენა, რომ დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს

გამოქვეყნდა:

ორდღიანი დუმილის შემდეგ, პრემიერმა, უკრაინაში დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა:

"პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ჩვენთვის ეს არის, ძალიან დიდი ტკივილი, გარკვეულწილად მინდა ვთქვა, დიდ დანაკლისი. 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია."-  თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობას ფარავს და სამხედრო პატივით კრძალავს ამ ადამიანებს:

"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის ჩართულობით, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა, ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, 2008 წელს, თუ მანამდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალული" თქვა ღარიბაშვილმა.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი