
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინელ ექიმებს მოუწიათ შეემუშავებინათ გეგმა, თუ როგორ გადაერჩინათ უკრაინელი ბავშვები გატაცებას, - ამის შესახებ Associated Press წერს.
იყო ეჭვი, რომ რუსი სამხედროები ჩვილ ბავშვებს იტაცებდნენ და რუსეთში აგზავნიდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად ხერსონის საავადმყოფოს ექიმებმა ბავშვების სამედიცინო ისტორიის გაყალბება დაიწყეს. ისინი დოკუმენტებში წერდნენ, რომ თითქოს ბავშვები ისე იყვნენ ავად, რომ მათი გადაადგილება დაუშვებელი იყო.
როგორც Associated Press წერს, რუსი სამხედროები ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების გატაცებაში, რომლებსაც ისინი რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნიან, სადაც მათ ისე ზრდიან როგორც რუსებს. ომის 8 თვიან პერიოდში, მხოლოდ ხერსონის სკოლებიდან და ბაღებიდან, მინიმუმ 1,000 ბავშვი გაიტაცეს რუსებმა. მათი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.
ადგილობრივების თქმით, კიდევ უფრო მეტი ბავშვის გატაცება მოხდებოდა, რომ არა ადამიანების გმირობა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლის ფასად, რაც შეიძლება მეტი ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ.
მაგალითად, ხერსონის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, 11 მიტოვებული ბავშვის გადარჩენა შეძლეს სამედიცინო ისტორიის შეცვლით. სოფელ სტეპანვიკას სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებმა კი 52 ბავშვი დაიცვეს რუსული ტყვეობიდან.
"ჩვენ მიზანმიმართულად ჩავწერეთ ყალბი მონაცემები, თითქოს ბავშვები ისე ცუდად იყვნენ, რომ მათი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო... ძალიან გვეშინოდა, რომ გაიგებდნენ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები გადაგვერჩინა ნებისმიერ ფასად", - უთხრა უკრაინელმა ექიმმა ოლგა პილიარსკმა გამოცემას.
რამდენიმე თვის წინ, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ათასობით უკრაინელი ბავშვი გადასცეს რუსულ ოჯახებს. AP-მ გაარკვია, რომ ოკუპანტებმა უკრაინელი ბავშვები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ დაადეპორტეს, შემდეგ კი მოატყუეს რომ მშობლებმა მათზე უარი თქვეს და რუსულ ოჯახებს გადასცეს.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ბავშვები რუსეთში მხოლოდ "მათი დაცვის" მიზნით გადაიყვანეს.