მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესების შემთხვევაში "ვივა მედში" გადაუდებელი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული ღონისძიებებისთვის მზად არიან. მის მკურნალ ექიმთან შესახვედრად კლინიკაში გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია იმყოფებოდა.
"მქონდა ძალიან კონკრეტული საკითხები განსახილველი მის მკურნალ ექიმთან, იმიტომ, რომ გუშინ ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან, ამიტომ თვითონ მდგომარეობაზე ალბათ დასკვნაში იქნება, მე კი დაახლოებით ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხები შესაჯერებელია. ჯერ კიდევ მაშინ დავწერეთ, ბოლო დასკვნაში, რომ ჩვენი აზრით, საქართველოს პირობებში მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება არის შეუძლებელი", - თქვა გრიგოლიამ.
ექიმის თქმით, ონლაინ ფორმატში შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება, რათა საბოლოო დასკვნაზე შეჯერდნენ.
მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე ადვოკატების შუამგდომლობას განიხილავს. უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რათა უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა შეძლოს.