უკრაინას სჭირდება გენერატორები, 1 თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთი თვის წინ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, რომ დახმარებოდა ომში მყოფი ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: 

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა

მისივე თქმით, დღეს, 6 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, თუმცა თბილისის საკრებულოსგან არც ამაზე მიუღიათ პასუხი:

"ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - აღნიშნა კასიანოვმა ["ინტერპრესნიუსი"].

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი