" ის კი არა, რომ უარს ამბობს.... ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს უჭირს, მე ხომ მოწმე ვარ ამის" - ასე პასუხობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია "ვივა მედის" ბრალდებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს.
დღეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემაც მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ბოლო დღეებში ის ორჯერ წაიქცა:
"არაფერზე არ გვისაუბრია, იმიტომ, რომ არის საგრძნობლად ცუდად. ორჯერ წაიქცა რაღაც უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, ეს მომხდარა გუშინ და სამი დღის წინ, ანუ სისუსტე არის იმ კონდიციაში, რომ ადამიანი დამხმარე მექანიზმის საშუალებით გადაადგილების დროსაც კი უძლურია, რომ შეძლოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ძალიან მძიმე ვითარება. ტემპერატურა ტრადიციულად ისევ აქვს და სისუსტე არის ისეთი მკვეთრად გამოხატული, რომ კომუნიკაცია არის წარმოუდგენელი შეუძლებელი" - ამბობს ეკა ხერხეულიძე
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. "ვივა მედში" ასევე ამტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რომ ის, არ წაქცეულა.