ეკა ხერხეულიძის თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და ყველამ, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული საკვების მიღება. როგორც ხერხეულიძე ამბობს, "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის გუშინდელი განცხადება მისთვის წარმოუდგენელი იყო:
"მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია - ეს მას არ შეუძლია.
ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე." ამბობს ხერხეულიძე "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ.
რაც შეეხება ზონდით კვებაზე გადასვლას, როგორც ის ამბობს, პაციენტის თანხმობის გარეშე ხელოვნური კვება ვერ მოხდება.
შეგახსენებთ, " ვივა მედის" ექიმმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბრისას გუშინ განაცხადა, რომ ის უფრო არ იკვებება, ვიდრე ვერ. ამის გამო, ჩხაიძემ არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანენ.